პრინციპის საკითხი: დეპუტატები მესამე დღეა კენჭისყრას ვერ ახერხებენ

ჩვენ პრინციპულად ვიცავთ ამ პოზიციას, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე პლენარულ კვირაში კანონპროექტებს კენჭი ვერ უყარა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გამო, რაც ოპოზიციამ მოითხოვა, რათა კომისიამ მოსამართლეების კორუფციაში მონაწილეობა გამოიძიოს.
რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრის დასაწყებად საჭიროა, რომ რეგისტრაცია პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის მინიმუმ ნახევარმა გაიაროს. მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, სანქცირებული მოსამართლეების მხარდაჭერის ნიშნად ზედიზედ სამი დღეა უარს ამბობს რეგისტრაციაზე, რათა ხელი შეუშალოს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში – სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის ფაქტების შესასწავლად.

„ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება. შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, რეგისტრაციას არ გავივლით“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ასეთი ქცევის გამო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი პარტია პარლამენტის ბოიკოტირებაში დაადანაშაულეს.
უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია, ორი წელია გვაბრალებდით, რომ ოპოზიცია არ მუშაობს, და ახლა იმისათვის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას, უმრავლესობამ გადაწყვიტა კენჭისყრა არ ჩაატაროს. თქვენ გამო პარლამენტის მთელი მუშაობა დაბლოკილია, მიმართა „ოცნებას“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას რეგლამენტის მიხედვით აქვს საკმარისი ბერკეტები ოპოზიციის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასაბლოკად, მაგრამ მან მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება – არ დაუშვას კომისიის შექმნა.
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა >>

„ჩვენ არც პარლამენტის საქმიანობას შევაფერხებთ, კენჭსაყრელი საკითხებიც თავის დროზე იქნება გადაწყვეტილი, თემებსაც გავივლით და გარანტიას ვაძლევ მათ, პარლამენტის საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობა პარლამენტის ბოიკოტში და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს.
„პარლამენტი მესამე დღეა პარალიზებულია, არამცთუ კომისიის საკითხი, არამედ ყველა სხვა კანონის კენჭისყრაც ვერ ტარდება“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.
ამაზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ახლა „ყველაზე ცოცხალია“.
„პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონი, ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი იშვიათად მინახავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან მან შეახსენა ოპოზიციას, რომ ისინი არჩევნების შემდეგ მანდატებზე უარის თქმას აპირებდნენ.

„ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. სწორედ ამით შედგა ეს პარლამენტი და დემოკრატია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პლენარულ სესიაზე მუშაობა დასრულდა კვორუმის არარსებობის გამო და პარლამენტმა ვერ უყარა კენჭი ისეთ პროექტებს, როგორიცაა ჯარიმების დაწესება ვანდალიზმისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების არჩევა, პარამედიკოსის სპეციალობის შემოღება, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.
სკანდალი სასამართლო სისტემაში
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე>>>
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.