გაფრთხილება: ანტირუსული სანქციების დარღვევის შემთხვევაში თიბისი ბანკი ანგარიშებს დაბლოკავს

ბანკი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე, ასევე საპირისპირო მიმართულებით საქონლის ექსპორტის ოპერაციებზე.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. „თიბისი ბანკმა“ გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ანტირუსული სანქციების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ანგარიშების დაბლოკვა მოხდება.
ფულადი სახსრების გადარიცხვის შემდეგ ყველა მომხმარებელი იღებს შეტყობინებას ბანკისგან, სადაც ბანკი შეახსენებს სანქციების შესახებ, რომლებიც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხორციელდება თუ არა საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების რეექსპორტი >>
ბანკი შეახსენებს კლიენტებს, რომ სანქციები მოიცავს, მათ შორის, აქტივების გაყინვას, ბლოკირებას, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვას და ა.შ. სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე, ასევე რუსეთიდან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიმართულებით საქონლის ექსპორტის ოპერაციებზე.
საქართველო იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.