უსახური შენობების დემონტაჟის პროექტი კანონიერად ხორციელდება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საუბარია სიუჟეტზე, რომელიც ასახავს ხელისუფლების გეგმებს ძველი შენობების დემონტაჟის შესახებ. სიუჟეტი ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ აჩვენა.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ერთ-ერთი ტელეარხის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდება იმის შესახებ, თითქოს მთავრობის გადაწყვეტილება უსახური ან საფრთხის შემცველი შენობების დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, აღდგენის შესახებ უკანონოა, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ მოამზადა კრიტიკული სიუჟეტი ხელისუფლების გეგმებზე ძველი შენობების დემონტაჟის შესახებ, რომლებიც გარემოს ამახინჯებენ. სიუჟეტის გმირები ხელისუფლების გადაწყვეტილებას თანხების ფლანგვას უწოდებენ, ხოლო პროცესს - გაუმჭვირვალეს. მათი თქმით, ხელისუფლებას შეეძლო უბრალოდ აუქციონის წესით გაეყიდა ეს შენობები და ახალი მფლობელი თავად იზრუნებდა მათზე.

„სიუჟეტი ეფუძნება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაუსაბუთებელ ვარაუდებს, არ ასახავს სახელმწიფო უწყებებისგან გამოთხოვილ ობიექტურ ინფორმაციას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეტიც, მასალაში არ იქნა გამოყენებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გამოითქვა ბრიფინგზე სიუჟეტის მომზადების დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ეფექტიან და კანონთან შესაბამის განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია.
უწყების განცხადებით, მოცემულ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება. მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი ექსპერტული დასკვნების მიღების პირველი ეტაპი. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დასკვნის მისაღებად უკვე გაგზავნილია 209 ნაგებობის მონაცემები.
პროტესტი დასრულდა - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს >>
აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟზე მიიღება დასკვნის მიხედვით. ამჟამად ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზეა 17 შენობა. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო.
„განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყებაში განაცხადეს, რომ კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, მათ შორის ტენდერის, პირდაპირი შესყიდვის და სხვა გზით.

„აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობამ მუნიციპალიტეტებს მიანიჭა უფლება, ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში განახორციელონ იმ შენობების შეკეთება-რეკონსტრუქცია-დემონტაჟის საჭირო სამუშაოები, რომლებიც გარემოს იერსახეს ამახინჯებს ან უსაფრთხოების კუთხით პრობლემას ქმნის.
მაშინ მთავრობაში აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტებმა ჩაატარეს წინასწარი კვლევა და გამოავლინეს 1263 ასეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს ქალაქების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებას და რეკონსტრუქციას, ზოგიერთ შემთხვევაში კი დემონტაჟს.