თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულა" ფუნქციონირებს ბიზნესის, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულით, ესაა თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილის სისხლიანი ფული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დავით კეზერაშვილმა ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულაში" საკუთარი წილის ნახევარი კოლექტივს გადასცა და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა. კეზერაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სკანდალის ფონზე, რომელიც ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრების" დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს". თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.
„ეს ტელევიზია თავიდან ბოლომდე ფუნქციონირებს ნაძარცვი ფულით. ეს ფული ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ევროპელი პენსიონერების ძარცვა... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით. კეზერაშვილის ფული არის სისხლიანი ფული", – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძემ ასევე შეახსენა ე.წ. ლიბერალების ნაწილს, რომ კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის.
„ეს არ არის რაიმე ახალი. როცა BBC-დან იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ ვიღაცის დამნაშავეობას, ეს არის გოიმობა, ეს შემიძლია პირდაპირ ვთქვა", – განაცხადა კობახიძემ.
„ფორმულა" ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კეზერაშვილი აფინანსებს და ის ოლიგარქია.
ტელეარხი „ფორმულა" ხუთი ადამიანის საკუთრებაა. დღემდე კეზერაშვილის წილი 51%-ს შეადგენდა. მიხეილ მშვილდაძეს, ირაკლი საგინაძეს, ზურაბ გუმბარიძეს და გიორგი ლიფონავას თითოეულს 12,25% აქვთ.
სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია". კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც "მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი" სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.