თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, განაცხადა ჟურნალისტებთან ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ.
ჯანაშიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შესაბამისი გამოკვლევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაუტარდება.
ამ მიზეზით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაურკვეველი ვადით გადაიდო ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის განხილვა. მორიგი სხდომა დღეს, 19 აპრილს იყო დანიშნული.
ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომები ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე 18 აპრილს გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს დარჩება იქ. ამას ექსპერტი გადაწყვეტს. ისე, მაქსიმალური ვადა 20 დღეა. ამიტომ ვერ გეტყვით, როდიდან განახლდება სხდომები“, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიულ-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.
როგორც მაშინ პროკურატურამ განაცხადა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საზოგადოებისთვის საშიშროებიდან გამომდინარე, აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე კი აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია.
ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. მას ბრალი ედება ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში და რამდენიმე ათეული ადამიანის მძევლად აყვანაში. 9 თებერვალს პროკურატურამ მას კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარუდგინა. აღნიშნულ ბრალდებაში 5 აპრილს ესებუა დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს.
ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.