თბილისი, 19 აპრილი— Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით არ ისარგებლა. მხარეების დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და მამაკაცი დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება თელავში გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 26 წლის ქალს, წლინახევრის შვილის თადასწრებით ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავა.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით აღიძრა.