რა საკითხებზე იმუშავებს განათლების სამინისტროს ახალი სამუშაო ჯგუფი

Sputnik
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სამუშაო ჯგუფი ისეთ საკითხებზე იმუშავებს, როგორიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების გრიფირების ხარისხის გაუმჯობესება, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია უწევს.

უწყებაში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელზეც განიხილეს განათლების სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას გამართავს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან. მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრაზე სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.