თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სუპ-ხარჩო TasteAtlas-ის კულინარიულ გზამკვლევში მსოფლიოს საუკეთესო კერძების სიაში შევიდა.
TasteAtlas-მა გამოაქვეყნა 50 საუკეთესო კერძის რეიტინგი, რომელშიც სუპ-ხარჩო 28-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.
„ხარჩო არის საქონლის ან ქათმის ხორცით, ნიგვზითა და ბრინჯით მომზადებული გემრიელი ქართული სუპი. მას ტრადიციულად ამზადებენ ქართული სანელებლების ნაზავით (ხმელი სუნელი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, დაფნის ფოთოლი, წითელი წიწაკა) და მჟავე ქლიავის სოუსით, რომელსაც ტყემალს უწოდებენ", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც კულინარიულ გზამკვლევშია ნათქვამი, წვნიანი იმდენად პოპულარულია, რომ თითქმის ყველა ოჯახს აქვს თავისი ვარიაცია და რეცეპტი. რეკომენდებულია ხარჩოს ცხლად მირთმევა.
ქართული სუპ-ხარჩოს გარდა, რეიტინგში მოხვდა ისეთი კერძები, როგორიცაა თურქული კრემ-წვნიანი ოსპით, ნორვეგიული თევზის წვნიანი (Fiskesuppe), ბულგარული ტორატორი, იაპონური რამენი, პოლონური ჟურეკი და სხვ.
TasteAtlas-ის რეიტინგი შედგენილია გურმანებისა და გასტრონომების შეფასების მიხედვით. TasteAtlas-ის პლატფორმაზე წარმოდგენილია ათი ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელი.