თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს შეუძლია შეისყიდოს დაბალ ფასად თურქეთიდან მხოლოდ ის მედიკამენტები, რომლებიც მათ ჭარბად აქვთ, განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა.
მანამდე ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შემოიღო შეზღუდვა გარკვეული მედიკამენტების მიწოდებაზე როგორც ასორტიმენტის, ისე რაოდენობის მხრივ, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გავლენას მოახდენს საქართველოს ბაზარზე.
საერთაშორისო კომპანიები თურქეთს მედიკამენტებს შეთანხმებულ დაბალ ფასად აწვდიან, ეს სისტემა თურქეთის მთავრობამ შემოიღო. ქვეყანას ექსპორტზე გააქვს მხოლოდ ის წამლები, რომლებიც აქვთ ჭარბი რაოდენობით. ეს ჭარბი რაოდენობა და ფასიც ყოველთვის ერთნაირი არ არის, აღნიშნა მარგველაშვილმა.
2023 წლის იანვარში თურქეთის რეგულატორმა გადახედა, რა რაოდენობით არის მედიკამენტები თურქეთში და გადაწყვიტა ნაწილობრივ შეიზღუდოს გარკვეული მედიკამენტების თურქეთიდან გასვლა სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
„ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე კომპანიას არ უნდა იქიდან ყიდვა, უბრალოდ ეს კომპანიები თურქეთიდან ვეღარ იღებენ იმ რაოდენობით, რომელიც საქართველოს პაციენტს სჭირდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მთავრობის მხრიდან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსგან, რამდენჯერმე გამოითქვა მძიმე ბრალდება ფარმაცევტული კომპანიების მისამართით, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხელოვნურად მედიკამენტების დეფიციტის შექმნას, რაც, მარგველაშვილის თქმით, სექტორის წარმომადგენლებისთვის მძიმე ბრალდებაა და მიუღებელია.
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თურქეთიდან შემოტანაზე, თურქულ წამლებზე არაა საუბარი. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც თურქეთში შევიდა სხვა ქვეყნიდან დაბალ ფასად და მერე იქიდან არის შემოტანილი საქართვლოში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
შესაბამისად, თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკება ამ შემთხვევაში შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ეს მათი ნაწარმი არ არის, ეს არის საერთაშორისო კომპანიების ნაწარმი, რომელიც სპეციალურ ფასად მიაწოდეს თურქეთს, აღნიშნა მან.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ამ ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.