რაში დაიხარჯება მილიარდი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან - მინისტრის განმარტება

რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, ტურისტული ადგილების განახლებამ შესაძლებლობები უნდა გაუხსნას კერძო სექტორს და ადგილობრივ მოსახლეობას.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი გამოიყოფა, ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილების სრულ განახლებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.
ახალი პროგრამა 5-წლიანია, მის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 ადგილი: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა და მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია.

„ეს არ არის მხოლოდ პირველადი ეფექტი, შეცვლილი იერსახის ეფექტი, ეს არის ახალი შესაძლებლობები როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, იქ მყოფი ტურისტებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო ხანგრძლივად და საინტერესოდ გაატარებენ თავის დროს“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ქუთაისი, სადაც პროგრამის ფარგლებში განახლდება ქალაქის ისტორიული ნაწილი, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობა, ბოტანიკური ბაღი, ცნობილი ხიდები, ის ობიექტები, რომლებიც ტურისტებისა და ბიზნეს-სექტორის ინტერესს იწვევს.
რაც შეეხება ყაზბეგის რაიონს, აქ პროექტის ფარგლებში იგეგმება სოფელ გერგეტის სრული განახლება, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი გერგეტის წმინდა სამების ტაძრის წყალობით გახდა პოპულარული.
ქარსელაძის თქმით, პროგრამა მოიცავს სატელეკომუნიკაციო, საინფორმაციო და საინჟინრო ქსელების, განათებისა და სარწყავი სისტემების, შენობების სახურავებისა და ფასადების განახლებას, ასევე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.
მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განახლების სიკეთეებს „კომუნალური გადასახადების მხრივ იგრძნობს“.
მთავრობა პირველ ეტაპზე პროგრამის რეალიზაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარს გამოყოფს.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროექტი არის „განახლებული რეგიონების“ პროგრამის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყო. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა რეგიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების პროექტების დაფინანსებას გეგმავს.
პროგრამის პირველი ეტაპი სახელმწიფოს 500 მილიონი ლარი დაუჯდა და საქართველოს 63 რეგიონი მოიცვა.