თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომლის განსახორციელებლადაც ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი, განაცხადა ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროგრამა, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი, 11 ლოკაციას მოიცავს: ბორჯომს, ბაკურიანს, ქუთაისს, წყალტუბოს, თელავს, ზუგდიდს, ბათუმს, მცხეთას, სტეფანწმინდას, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. 2023 წელს, პროექტის რეალიზაციის პირველ ეტაპზე 200 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამას, რომელიც იქნება ხუთწლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიარდი ლარი. სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. ამის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. შემუშავდება კონცეფციები. პროგრამის განხორციელებაზე მუშაობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად დაიწყებს. შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, შეიქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები და ადგილები, რომლებიც ტურისტებს მოიზიდავს, აღდგება კულტურულ-ისტორიული ობიექტები.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ეტაპობრივად გარდაქმნა.
სამუშაოების ჩატარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალათ.
ოთხწლიანი მსგავსი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 2021 წლის აპრილში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში მთავრობა რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების დაფინანსებას და ტურიზმის განვითარებას გეგმავს.
პროგრამის პირველი ეტაპი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ამ ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.