ამილახვარი: ქრისტეს აღდგომა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის გამორჩეული დღესასწაულია

აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„ქრისტეს აღდგომა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის გამორჩეული დღესასწაულია – ეს დღე გახლავთ მარადიული სიცოცხლის, სიხარულისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, - ნათქვამია ამილახვარის განცხადებაში.
საქართველო, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, დღეს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.