თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ღვთიურ ცეცხლს, რომლის გარდამოსვლასაც ქართველი მორწმუნეებიც დაელოდებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ისრაელიდან საქართველოში 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ.
წმინდა ცეცხლს თბილისის აეროპორტში მომლოცველები და სასულიერო პირები დახვდებიან და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, საიდანაც მომლოცველებს მისი შინ წაღების საშუალება ექნებათ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი1995 წლიდან ჩამოაქვთ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციამ ძველ ქალაქში შესასვლელი ჩაკეტა და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს უშვებს. არსებული ცნობით, წელს ისრაელის სამართალდამცავებმა ორგანოებმა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს და ამიტომ წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას მხოლოდ 1800-მდე კაცი იხილავს. წინა წლებში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას ტაძარში დაახლოებით 10 ათასამდე მორწმუნე ესწრებოდა ხოლმე.