ვითარება რიკოთის უღელტეხილზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

ბოლო დროს რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენა და მეწყრული პროცესები ვითარდება, ამის გამო 30 მარტიდან უღელტეხილი ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად იკეტება.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და შეფერხებები არ არის, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114–194 კმ მონაკვეთზე (ახალსოფლის კვანძი–ზესტაფონი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია დადგენილი სპეციალური რეჟიმით.
კერძოდ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე:
მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა დაიშვება 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
21:00 საათიდან დილის 06:00-მდე დაიშვება სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სურთ დასავლეთ საქართველოში ან საპირისპირო მიმართულებით გამგზავრება, გომი-საჩხერე-ჭიათურის მაგისტრალით მოუწევთ სარგებლობა
ამასთან საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი–ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტმა გაუჩერებლად უნდა იმოძრაოს.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 8 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანები.