თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაულებრივი მოვლენა თბილისი დროით 15:55 საათზე აღესრულა.
ღვთიური ცეცხლი კუბუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, საფლავზე შესვლის წინ, ტრადიციისამებრ გაჩხრიკეს სხვადასხვა კონფესიების სასულიერო პირებმა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან ქართველი მომლოცველებიც, რომლებიც წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებენ. ცეცხლი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება, საიდანაც მრევლი მის შინ წაღებას შეძლებს.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.