თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესს გადის, რაშიც არაერთია სპეციალისტია ჩართული, წერს კოსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია თბილისში, ერთ-ერთ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტისას დაჭრეს 2019 წლის 19 დეკემბერს. მძიმედ დაშავებული გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მომდევნო პერიოდში ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე გამსახურდია წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და აღდგენით კურსს გადის.
კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში ჩართულნი არიან: ფიზიოთერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მასაჟისტი და კინეზოთერაპევტი.
გარდა ამისა, მას უტარდება ანტიეპილეფსიური მკურნალობა, რომლის დოზირებაც თანდათან მცირდება, ასევე გარკვეული პერიოდულობით იტარებს ბოტოქსოთერაპიას. ამასთან პაციენტს მუდმივად აკვირდებიან ეპილეპტოლოგი, ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი და კარდიოლოგი, პერიოდულად პროცესში ერთვება ინფექციონისტიც — პრევენციულ მონიტორინგის მიზნით.
„ამ ეტაპზე ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს. თვალებით და ხელისმოჭერით ცდილობს გამოხატოს საკუთარი ნება“, — წერს კონსტანტინე გამსახურდია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვა 2020 წლის მაისში დაიწყო. საბრალდებო სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი სოლოღაშვილმა, პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან სიტყვიერი კამათისას უმიზეზოდ დაარტყა.
გიორგი სოლოღაშვილსა და კიდევ ერთ პირს — ტატო ღარიბაშვილს, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლომ ასევე განაჩენი გამოუტანა პეტრე ყუფარაძეს — დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, კახა ჩხეტიანს, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო თორნიკე ქვათაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.