თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. 29 აპრილს დაგეგმილი არჩევნებისთვის ბოლო მოსამზადებელი ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს: ყველა კანდიდატი რეგისტრირებულია, ამომრჩევლები კი ასრულებენ საარჩევნო სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმების პროცესს.
არჩევნები 164 უბანზე გაიმართება. ამომრჩევლები პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედურ, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ამჟამად რაიონული საარჩევნო კომისიები იღებენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველის განაცხადებს, რომლებსაც ხმის მიცემა შეუძლიათ პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბანზე. განაცხადების მიღება 21 აპრილს დასრულდება.
უბნების 90%-ზე კენჭისყრა ელექტრონულად გაიმართება.
არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირეა: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატია წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან მოუწევს.
ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ იქნება: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე არიან წარმოდგენილი.