თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი იცვლება.
კერძოდ, თბილისის მეტრო 15-16 აპრილის ღამით 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმუშავებს და დროის ამ მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტებიც, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
ამ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ.
ავტობუსები გავა:
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით — მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან;
კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ — „მარჯანიშვილის“ მეტროს ტერიტორიიდან;
საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“;
თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან;
ველის სასაფლაოსკენ — ჭიჭინაძის №25-დან;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „ვარკეთილიდან“.
საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 16 აპრილს აღინიშნება. უქმეა აღდგომის მომდევნო დღე ორშაბათიც. ამ დღეს მოსახლეობა, ტრადიციულად, ახლობლების საფლავებზე გადის.