თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები ქვეყნის პარტნიორების მხრიდან და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე, დაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველო იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ხუციშვილმა ისაუბრა აშშ-ში გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ რამდენიმე ქართულმა ტელეკომპანიამ შეგნებულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ამის შესახებ. მისი თქმით, ეს ისტორიები მთლიანად ყალბ ინფორმაციაზეა აგებული და კავშირი არ აქვს რეალობასთან.
„თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, აქამდე არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, უწყება რეგულარულად აწყობს ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/ყოველწლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა.
„ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არცერთი შეხვედრა დახურული არ არის, ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია“, – დაწერა ხუციშვილმა.
რამდენიმე ოპოზიციურმა ტელეარხმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს „რთული საუბარი" ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან ჯეიმს ო'ბრაიენთან.
ტელეკომპანია „TV პირველმა“ კი პირდაპირ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგროვებს მტკიცებულებებს იმის შესახებ, როგორ ეხმარება საქართველო რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. სიუჟეტებში წარმოდგენილია ქართველი ოპოზიციონერების კომენტარები, რომლებიც საუბრობენ საქართველოდან მესამე ქვეყნებში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის „არანორმალურ ზრდაზე“.
ეკონომიკური წარმატებები
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორი ქვეყნებიდან.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ დადებითად არის შეფასებული ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომლებიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-თან) შემცირების მასშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა. რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ორ თვეში 7,1%-ს შეადგენს.