თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მოძრაობა მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზეა შენელებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალას კვანძებთან არის შენელებული. რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს აგრძელებენ.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114–194 კმ მონაკვეთზე (ახალსოფლის კვანძი–ზესტაფონი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია დადგენილი სპეციალური რეჟიმით.
კერძოდ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი სატვირთო ავტოტრანსპორტი მოძრაობდა. მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 7:00 საათიდან დაიწყო.
ასევე თავისუფალია მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მიმართულებით.
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი–ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
რიკოთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 8 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანები.