Kolga Tbilisi Photo 2023 კონკურსის გამარჯვებულებს დაასახელებს

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რიგით 22-ე ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo ოფლაინ-ფორმატში ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებულებს 4 მაისს დააჯილდოვებს, ნათქვამია კონკურსის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Kolga Tbilisi Photo, რომელიც 2001 წლიდან ტარდება, მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ფოტოხელოვანების განვითარებას. კონკურსის მიზანია არა მარტო გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფების საქართველოსთან დაკავშირება, ასევე ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ფოტოკვირეული 4–9 მაისის პერიოდში ჩატარდება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. ასევე დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო, ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენები.
Kolga Tbilisi Photo 2023-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კონკურსის გახსნის პირველივე დღეს, 4 მაისს გაიმართება. გამარჯვებულებს ჟიური ხუთ კატეგორიაში გამოავლენს:
დოკუმენტური სერია
რეპორტაჟი
კონცეპტუალური ფოტოპროექტი
საუკეთესო კადრი
მობილური ფოტო.
ღონისძიება გაიმართება მისამართზე: კონსტიტუციის ქუჩა, 6/52 (ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე).