„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია ვენეციის კომისიას გადაეგზავნა

გადამუშავებული ვერსიის თანახმად, მოქალაქეს ოლიგარქად აღიარებს არა პარლამენტი ან მთავრობა, არამედ ანტიკორუფციული ბიურო.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მალორის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაჩქარებული დასკვნის მომზადების თხოვნით წერილით მიმართა.
ვენეციის კომისიამ – ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანომ უკვე განიხილა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და საკუთარ შენიშვნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების თაობაზე მიუთითა. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის წერილშია აღნიშნული, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ განიხილა კანონპროექტი მეორე მოსმენით – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოსთვის ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა", – ნათქვამია წერილში.

ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერის წერილშია ნათქვამი, დაჩქარებული დასკვნის აუცილებლობა ასევე გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს არა პარლამენტი, როგორც ეს პროექტის პირველ ვერსიაში იყო, და არც მთავრობა პროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვერსიით, არამედ ანტიკორუფციული ბიურო. ამასთან ბიურომ უნდა ჩაატაროს სრული კვლევა, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ახალი ვერსია: რა შეიცვალა>>>
ოლიგარქად აღიარების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოს მეშვეობით, ამასთან, ორი ინსტანციის სასამართლოში.
გარდა ამისა, იცვლება ოლიგარქის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების პრინციპი. თუ ადრე მიღებული ვერსიით უნდა გამოქვეყნებულიყო ასეთი პირების ყველა პირადი მონაცემი, გადამუშავებული ვერსიით საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ოლიგარქის ვინაობა, მისი დეკლარაცია და მითითება, რომ ის არ არის დამნაშავე ოლიგარქების რეესტრში მოხვედრის გამო.
გადამუშავებული ვერსიის თანახმად, ოლიგარქი შეძლებს პარტიების, წინასაარჩევნო კამპანიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსებას. ოლიგარქებისთვის ერთადერთი აკრძალვა იქნება პრივატიზაციის მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა.
ვინ არის ოლიგარქი
კანონის პროექტის თანახმად, ოლიგარქი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
გავლენა მასმედიაზე;
კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
სკანდალი პროექტის ირგვლივ
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ შექმნეს უკრაინული კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.
თუმცა ვენეციის კომისია უკმაყოფილო დარჩა პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ამჟამინდელი სახით ხელისუფლებას პროცესზე საკმაოდ დიდ გავლენას ანიჭებს.
ოპოზიციის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტის კომიტეტებმა ჩააგდეს>>>
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა“ ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.