Credo Bank-ი ფინანსური უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის დაჯარიმდა

Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი Credo Bank 30 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება ორ პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის" კანონმდებლობის დარღვევას და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის ორ შემთხვევას.
კერძოდ, ბანკმა დაარღვია კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც იგი ვალდებული იყო, თუ მისი კლიენტი პოლიტიკურად აქტიური პირია, მენეჯმენტისგან მიეღო ნებართვა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, შეემოწმებინა ქონების წარმომავლობა, სახსრები, კლიენტის ვირტუალური აქტივები და გაძლიერებული მეთვალყურეობის პირობებში განეხორციელებინა ურთიერთობები.
ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრს, რომელთან ურთიერთობაზეც ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობა არ ყოფილა, მეორე შემთხვევაში კი საუბარია ეროვნული ბანკის პროტოკოლის უგულებელყოფაზე, როდესაც პოლიტიკურად აქტიურ პირს უნდა მიენიჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების „მაღალი რისკის“ სტატუსი.
ეროვნული ბანკი არ ასაჯაროებს პოლიტიკურად აქტიური პირების ვინაობას. კანონის მიხედვით, პოლიტიკურად აქტიური პირი არის ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ფუნქციებს, მათ შორის, მთავრობის წევრი, დეპუტატი ან პარტიის ხელმძღვანელი.
ამასთან, ორ შემთხვევაში ბანკმა მარეგულირებელს შემოწმებისას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.