თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სოფელ გომთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებიდან ორი ადამიანი, დედა-შვილი გარდაიცვალა, იუწყება რეგიონული გამოცემა „მოზაიკა".
ავტოსაგზაო შემთხვევა გომი-ვაყის საგზაო მონაკვეთზე დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა დაშავებულები ხაშურის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემის ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი და 7 წლის ბავშვი „გორმედის“ ხაშურის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით - პოლიტრავმით შეიყვანეს. ექიმების თქმით, რეანიმაციული ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა, ორივე პაციენტის შემთხვევაში ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დრომდე მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის, ბაბუის და შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.