თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ბათუმში 3-4 ივნისს გაიმართება, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან და სეზონის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, ზაფხულის სეზონს რეგიონი სიახლეებით ხვდება.
წელს ბათუმში გაიმართება ისეთი საერთაშორისო ტურისტული და სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა World Trawel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიება, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა, ფეხბურთის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი (18 წლამდელთა), ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება და სხვა.
ტურისტულ სიახლეებს შორის, რითაც აჭარა ზაფხულის სეზონს ხვდება, არის ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე, ასევე 25-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე, ასევე ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო დინამიკაზე.
მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, გაორმაგებულია. 2022 წელს აჭარას 3.909,094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
2022 წელსვე, სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი.