საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ევროპული აღიარება მოიპოვა

ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახური.
ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.
„eIDAS რეგულაციასა და ETSI სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ, სააგენტომ დააკმაყოფილა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აუცილებელი პირობები, რითაც დაადასტურა, რომ მის მიერ მიწოდებული სერვისები სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
eIDAS-ის რეგლამენტი განსაზღვრავს ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების წესებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
„ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოვონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, ამასთან ევროკავშირის ქვეყნები პრიორიტეტულია ქართული პროდუქციის ექსპორტის განვითარების მიმართულებით.