საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს ახალ რეგულაციებს უწესებს

სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია 1 მაისიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქირურგიული მასალები გამოიყენოს, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.

„ნებისმიერი სახარჯი მასალა, რომელიც ქირურგიული ჩარევის დროს იქნება გამოყენებული, უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული და ამერიკული ხარისხის სტანდარტებს. ამას შეამოწმებს როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ისე რეგულირების სააგენტო, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული პაციენტების ინტერესები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სტაციონარული მკურნალობა საქართველოს საავადმყოფოებში - ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს? >>
ცვლილების შედეგად ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების – FDA (The United States Food and Drug Administration), MDR (Medical Device Reporting ) ან CE (Certified in Eu) სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს.
სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.