პაპუაშვილი: სააკაშვილის ადვოკატებმა ერთ თვეზე მეტი დახარჯეს სარჩელის შედგენაზე

2021 წელს სააკაშვილის მიერ მისი უფლებების დარღვევის შესახებ პირველი სარჩელის განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება მისი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ და შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგრამ მათ ერთ თვეზე მეტი დასჭირდათ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართათ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
11 აპრილს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სარჩელი უკავშირდება სასამართლოს უარს სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან მის გადავადებაზე.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაგზავნეს>>>
„ვნახეთ, რომ მათ ერთ თვეზე მეტი დასჭირდათ. იმ პირობებში, როცა ისინი საუბრობდნენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და წუთი-წუთზე და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია, თვეზე მეტი მოანდომეს საჩივრის შეტანას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება სარჩელის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანას.
„ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენც მოვუწოდებდით მათ, რომ მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის, თუ მათ საკუთარი ქვეყნის სასამართლოსი არ სჯეროდათ", – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აღნიშნა, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა.
„სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჩვენზე სრულად ვრცელდება", – განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის მდგომარეობა
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში "იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. თავის მხრივ, კლინიკაში პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას იმით ხსნიან, რომ ის არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და მიირთმევს მხოლოდ არაკალორიულ საკვებს, რაც წონაში კლებას იწვევს.
ყიდულობს თუ არა სააკაშვილის ოჯახი საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის ჯილდოებს?>>>
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
ომბუდსმენთან შექმნილი ექიმების კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა>>>
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".