თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კენიის ჭადრაკის ღია ჩემპიონატში მამაკაცმა ქალის სახელით და ქალურად გადაცმულმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ტყუილი გამოაშკარავდა და ყველა გამარჯვება გაუბათილდა, იუწყება Chess.com.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატის ქალთა სექციაში მონაწილეობის მისაღებად მამაკაცი მილისენტ ავუორის სახელით დარეგისტრირდა. შეჯიბრზე ის ტრადიციული მუსლიმური სამოსითა და ნიქაბით დადიოდა, საიდანაც მხოლოდ სათვალე უჩანდა. ამასთან ის არავის ელაპარაკებოდა, ხოლო კითხვებს წერილობით პასუხობდა.
ტურნირის მიმდინარეობისას მან ორჯერ დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი გლორია ჯუმბა და უგანდის უძლიერესი ქალი მოჭადრაკე ამპირა შაკირა, რამაც მსაჯებს ეჭვი გაუჩინა.
როგორც ტურნირის მთავარმა მსაჯმა ენტონი კიონგამ განმარტა, თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ საქმე ორთოდოქს მუსლიმ ქალთან ჰქონდათ. თუმცა დროთა განმავლობაში მსაჯებმა შენიშნეს, რომ მდუმარე მოჭადრაკეს ქალისთვის დამახასიათებელი სირულის მანერა არ ჰქონდა და თანაც მამაკაცის ფეხსაცმელებს იცვამდა.
მეოთხე პარტიის შემდეგ მოთამაშე ცალკე ოთახში გადაიყვანეს, სადაც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს ნაირობის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელმაც ქალურად გადაცმა ტურნირის მთავარი პრიზის — 3815 დოლარის მოსაპოვებლად გადაწყვიტა.
სტუდენტის სამწუხაროდ, მის გეგმებს ასრულება არ ეწერა — მსაჯებმა ის ტურნირს ჩამოაშორეს.