თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელსა და ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს იყენებდნენ, რისი საშუალებითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თითქმის ნახევარ მილიონ ლარს დაეუფლნენ.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“ და ქმნიდნენ ე.წ. დღგ-ის ფიქტიურ აქტივს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ.

„ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 277.823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად ხსენებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 221.155 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ოთხ პირს წარედგინა სსკ-ის 185-ე (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება), 210-ე (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება) და 180-ე (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) მუხლებით.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო კიდევ ორ პირს – გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.