თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ რესტორნებთან, ბარებთან და სწრაფი კვების ობიექტებთან ნარჩენების სეპარირების მიზნით ახალ ნაგვის ურნებს განათავსებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
პროექტი საპილოტოა და მისი მიზანი ნარჩენების სეპარირების პროცესებში ბიზნესების ჩართვა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
როდის ამოქმედდება პროექტი და რა მოცულობისაა მისი ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია აცხადებს, ბიზნესთან ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
პროექტის თანახმად, ცალ-ცალკე იქნება განთავსებული ურნები პლასტიკისთვის, შუშისთვის, მუყაოსთვის.
აღინიშნა, რომ ურნები მასიურად არ განთავსდება, მაგრამ დედაქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე პროექტმა შესაძლოა 5% დაფაროს, რაც ცნობიერების ასამაღლებლად მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
ურნები ნარჩენების სეპარაციისთვის
© photo: Sputnik / Stringer
მას შემდეგ, რაც კვების ობიექტები ნარჩენების დახარისხებას დაიწყებენ, „თბილსერვის ჯგუფი“ შეკრებს ამას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
2022 წლის სექტემბერში თბილისის მერიამ შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნარჩენების სეპარაცია, გადამუშავება და პოლიგონებზე ელექტროენერგიის გამომუშავება. სტრატეგია საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია.
წყარო - მედიაპლატფორმა BMG