თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს მსჯელობას ბათუმში სამშენებლო ამნისტიის გამოცხადებაზე, რომელიც შეეხება 2022 წლის 26 სექტემბრამდე აშენებულ ობიექტებს.
სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოს ქალაქში შეუძლია ექსპლუატაციაში მიიღოს ის შენობა ან სამშენებლო კომპლექსი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ მისი მშენებლობა არქიტექტურული პროექტის დარღვევით ან არასათანადო მიწის ნაკვეთზე ხორციელდებოდა.
შესაძლებელი იქნება ასევე ისეთი შენობების ექსპლუატაციაში მიღება, რომელთა მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, მაგრამ შენდებოდა ისეთ ადგილზე, სადაც მოქმედებდა განაშენიანების დეტალური გეგმა ან მშენებლობის რეგულირების გეგმა, ასევე კერძო სექტორის საცხოვრებელი სახლების ჩაბარება.
საუბარია მხოლოდ უკვე აშენებულ ობიექტებზე დასრულებული ექსტერიერით.
ბათუმი
© photo: Sputnik
ობიექტის ლეგალიზებისთვის მფლობელებს ექნებათ ორი წელი, რათა წარადგინონ განაცხადი შესაბამისი დოკუმენტებით, მათ შორის, საექსპერტო დასკვნა კონსტრუქციის მდგრადობასა და სეისმოლოგიურ მდგრადობაზე, საექსპერტო დასკვნა პროექტზე, ლიფტების, ესკალატორების გამოცდის აქტები და ა.შ.
ამასთან, კანონი არ შეეხება განსაკუთრებული დანიშნულების შენობებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ასევე იმ მფლობელებს, ვისაც კანონი მშენებლობისას ავალდებულებს შენობის შემოწმებას გარემოზე ზეგავლენის კუთხით.
როგორც პროექტის ავტორები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე და ზაალ მიქელაძე განმარტავენ, შესწორებების მიღება ხელს შეუწყობს უკვე აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას და მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ უფლება საკუთრებაზე და გამოიყენონ ის.
ამასთან, ავტორები არ ასახელებენ ასეთი პრობლემური შენობების რაოდენობას.
მოწინააღმდეგეები
ურბანული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანა ბიბილაშვილი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი დიდ რისკებს შეიცავს.
„ბათუმში სამშენებლო წესების დარღვევები გაცილებით მეტია, ვიდრე თბილისში. მაგრამ თუ დარღვევებს ვაპატიებთ ახლა, მომავალში ის გაცილებით მეტი იქნება. ასე უკვე მოხდა თბილისში შარშან სამშენებლო ამნისტიის გამოცხადების შემდეგ“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ბათუმი
© photo: Sputnik
ამნისტია ნეგატიურად მოქმედებს მშენებლებზე, თუ ზომები არ გამკაცრდება, დასძინა მან.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ მომენტში არ არსებობს არავითარი სტატისტიკა, რამდენი სამშენებლო დარღვევაა სინამდვილეში ბათუმში, და გაუგებარია, როგორ აისახება ეს ქალაქზე.
ურბანისტებმა მოამზადეს კომპრომისული ვარიანტი, რომლის თანახმად, ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ შენობებს, რომლებშიც შესახლდნენ ადამიანები, ხოლო სამშენებლო კომპანია გაუქმებულია, როგორც იურიდიული პირი.
პრობლემები ბათუმში
ამჟამად ბათუმი და აჭარის რეგიონი - ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი ადგილია. 2022 წელს ავტონომიაში გაიცა 650 სამშენებლო ნებართვა. აჭარა საქათველოში მშენებარე ობიექტების რაოდენობით მეხუთე ადგილზეა.
ბათუმი
© photo: Sputnik
განაშენიანების პრობლემის გადასაჭრელად 2022 წლის ივლისის დასაწყისში ბათუმის მერიამ მოიპოვა უფლება, ქალაქი გაეშენებინა განსაზღვრული ნორმების გადაჭარბებით. ამასთან, მერიამ უნდა დაიცვას გარკვეული პირობები.
ქალაქს დღემდე არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა და მწვავედ დგას ავარიული სახლების პრობლემა.