რესურსი იწურება - მერიას ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოება სურს

ლილოს პოლიგონის გაფართოებაში 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ლილოში არსებულ ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებისთვის არსებული რესურსი მხოლოდ სამ თვეს ეყოფა, ამიტომ პოლიგონის გაფართოება იგეგმება, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
ლილოს პოლიგონის გაფართოებაში 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
„თბილსერვის ჯგუფი“ ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ ახალი, მეოთხე უჯრედის მშენებლობის დაწყებამდე, სადაც ნარჩენების განთავსება შესაძლებელი იქნება 7-8 თვის შემდეგ, აუცილებლია მე-3 უჯრედის გაფართოება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლილოს ნაგავსაყრელზე 3 თვის შემდეგ ნარჩენის განთავსების პრობლემა დადგება.
მისი თქმით, ბოლო წლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა გაიზარდა.
მხოლოდ დედაქალაქში დღის განმავლობაში 1500 ტონა ნარჩენის შეგროვება ხდება. ამასთან, ფაჩულიას თქმით, 2022 წლის ბოლოდან ლილოს ნაგვსაყრელზე ხდება რუსთავისა და გარდაბნის ნარჩენების შეტანაც, რადგან იქაური ნაგავსაყრელები დახურულია.
ჯერ კიდევ 2019 წელს მერიამ გამოაცხადა ლილოს ნაგავსაყრელის გაზის კოლექტორად გადაქცევის გრანდიოზული გეგმები. კონცეფციის მიხედვით, გაზი, რომელიც გამოიყოფა ნარჩენების დაშლის შედეგად, ერთ ადგილზე უნდა დაგროვდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს.
როგორც მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში გარემოს გაუმჯობესებას.
ნაგავსაყრელზე გაზის მოპოვების საწარმოს შექმნის პროექტი ბელგიურ კომპანია „ჯეო კონსულტანტს“ უნდა მოემზადებინა. პროექტი 2021 წელს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა.
წყარო - მედიაპლატფორმა BMG.