თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოში სოციალური პურის ღირებულება 10 თეთრით შემცირდა, იუწყება „პირველი არხი" პურის მცხობელთა ასოციაციაზე დაყრდნობით.
ქვეყანაში ყველაზე მაღალი მოთხოვნა სოციალურ პურზეა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიები 0,3-0,4 ლარს ამატებენ, ზოგიერთი საცალო ობიექტი კი 0,5 ლარსაც ამატებს.
მწარმოებლების განმარტებით, გაიაფების მიზეზი ბაზარზე ფქვილზე შემცირებული ფასებია. 2022 წლიდან დღემდე ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 15 ლარით გაიაფდა. დღეისთვის ერთი ტომარა ფქვილის ფასი 52-55 ლარის ფარგლებშია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწარმოებლები მოლაპარაკებას აწარმოებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფების გადახედვა მოხდეს. მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პურის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.