მსოფლიო დღეს

WP: ეგვიპტე რუსეთში 40.000 რაკეტის ფარულად გაგზავნას გეგმავდა

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ას-სისიმ ცოტა ხნის წინ ხელქვეითებს უბრძანა, მოამზადონ 40 ათასი რაკეტა რუსეთში ფარულად გასაგზავნად, წერს გამოცემა Washington Post ინტერნეტში გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

„17 თებერვლით დათარიღებულ სრულიად საიდუმლო დოკუმენტში რეზიუმირებულია ას-სისისა და მაღალჩინოსანი ეგვიპტელი სამხედრო პირის საუბრები, ასევე ნახსენებია რუსეთში საარტილერიო ჭურვებისა და დენთის გაგზავნის გეგმები. დოკუმენტში სისი ავალებს ჩინოვნიკებს, საიდუმლოდ შეინახონ რაკეტების წარმოება და მიწოდება დასავლეთთან პრობლემების თავიდან აცილების მიზნით“, — წერს გამოცემა.

საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, ას-სისიმ 1 თებერვალს ვინმე სალაჰ-ად-დინს დაავალა, „მე-18 ქარხნის“ მუშებისთვის ეთქვა, რომ ჭურვები და დენთი ეგვიპტის არმიისთვის იყო საჭირო. გამოცემის ცნობით, საუბარია მრავალწლიანი ისტორიის მქონე ქიმიურ ქარხანაზე, ხოლო „სალაჰ ად-დინში“ შესაძლოა ეგვიპტის სამხედრო წარმოების მინისტრი მოჰამედ სალაჰ-ად-დინი იგულისხმებოდეს.
დოკუმენტის თანახმად, ეს უკანასკნელი პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ „დაავალებს თავის ხალხს, სადღეღამისო ცვლებში იმუშავონ, თუ ეს აუცილებელი იქნება, ვინაიდან ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც ეგვიპტეს შეუძლია რუსეთისთვის“ მანამდე გაწეული დახმარების სანაცვლოდ. თუმცა, რა დახმარებაზეა საუბარი, დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული.
როგორც ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აჰმედ აბუ ზეიდმა განუცხადა „ვაშინგტონ პოსტს“, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მისი ქვეყნის პოზიცია იმთავითვე ეყრდნობოდა უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობასა და ორივე მხარესთან თანაბარი დისტანციის დაცვას.
მისი თქმით, ეგვიპტე კვლავინდებურად მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ.
გაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელსაც. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებისთვის უცნობია, განხორციელდა თუ არა რაკეტების მიწოდების გეგმა.
აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო მასალები ინტერნეტ-პორტალ Discord-ზე თებერვალ-მარტში გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა საიდუმლო მასალების გაჟონვის წყაროს ძებნა დაიწყო. როგორც CNN წერს წყაროებზე დაყრდნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გაჟონვამ ცხადყო, რომ აშშ თვალყურს ადევნებს როგორც მტრებს, ისე თავის მოკავშირეებს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო ურთიერთობებს.
წყარო: Washington Post