ვიტალი დარასელიას სახელობის თასი თბილისის „დინამომ“ მოიგო

საქართველოში დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2016 წლიდან ტარდება.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემია გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური „სევილიის“ აკადემიის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
„დინამოს" მეტოქეებმა ფინალური შეხვედრა კარგად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. თბილისელები შეტევების წამოწყებას ცდილობდნენ, მაგრამ ესპანელებმა მოედნის ცენტრში კარგად ითამაშეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დაასრულეს.
„დინამოელებმა" სიტუაცია მეორე ტაიმში გამოასწორეს. 51-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ტურნირის მასპინძლებმა საბა სამუშიას შედეგიანი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს, 62-ე წუთზე კი სანდრო ფეიქრიშვილის მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა.
„დინამო" დარასელიას თასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი იტალიური კლუბი შეხვდა – „ჯენოამ" „მონცას" ანგარიშით 3:0 მოუგო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ვიტალი დარასელია – გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ ცაისის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ „დინამომ" 2:1 გაიმარჯვა.
2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დარასელია ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებისთვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ).
საქართველოში დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2016 წლიდან ტარდება.