თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები სტაციონარში მკურნალობის საფასურს იხდიან მთავრობის მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში იმისდა მიხედვით, თუ რომელ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა;
საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა.
10 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში – „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”, რომლის თანახმადაც პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ უწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
მანამდე კლინიკების შემოწმების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დამატებითი მოგების მიღების მიზნით პაციენტს მეტ მედსერვისს აწვდიდნენ, ვიდრე ეს რეალურად იყო საჭირო.
საქართველომ გამოიყენა ლატვიის მეთოდი, რომელიც ჯანდაცვის ქართულ სისტემას ყველაზე მეტად ესადაგება. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ მომავალში ქვეყანა დადებით შედეგს მიიღებს რესურსის ეკონომიის, პაციენტისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სერვისის ხარისხის კუთხით.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 900 მლნ ლარს ხარჯავს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი დაფინანსებაა და ეს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და შეღავათები მედიკამენტების შეძენისას სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვ.
2013 წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ქვეყნის მოსახლეობის 94%-მა ისარგებლა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 11 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.