სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაგზავნეს

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს – სარჩელი უკავშირდება სასამართლოს უარს სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე, წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„გაიგზავნა დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში, ძირითადად ეს დოკუმენტი ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის მკურნალობას, რომ მოხდეს მის მიმართ იმ ტიპის მკურნალობის ჩატარება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, დოკუმენტი ყველა კანონისა და ნორმის დაცვით გაიგზავნა.
„მსგავსი ტიპის საქმე სტრასბურგის სასამართლოს ფაქტობრივად განხილვაში ჯერ არასდროს ჰქონია... ძნელია იმის თქმა, რა ვადებში განიხილავს. ამით აჟიოტაჟის ატეხვას არ ვაპირებთ, ვნახოთ, დაველოდოთ. ჩვენ არ გვინდა მოლოდინებზე რამე განსაკუთრებული აქცენტის გადატანა. მოგეხსენებათ, სტრასბურგი პრეცედენტული სამართლის სასამართლოა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავად გამოაქვეყნებენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის მდგომარეობა

სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში "იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. კლინიკაში პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას იმით ხსნიან, რომ ის არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და მიირთმევს მხოლოდ არაკალორიულ საკვებს, რაც წონაში კლებას იწვევს.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
სააკაშვილის ჯანმრთელობა და პოლიტიკა - რა კავშირი ნახეს PACE-ს წარმომადგენლებმა >>
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.

სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".