ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი, ჰობოისტი ქეთი ტიღაშვილია, რომელიც პარიზში ცხოვრობს.
ბევრ დიდ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოს ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილი აიღო. არის ახალგაზრდული ორკესტრის კონკურსების გამარჯვებული. ამბობს, რომ მეცადინეობის პროცესი უყვარს, როცა პროგრესს ხედავს. იცის ხუთი ენა, მათ შორის ლათინური.
ქეთი ტიღაშვილი
© Courtesy by Keti Tigashvili
- ქეთი, ვიცი, რომ საქართველოსა და უცხოეთში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ასეთია, მაგალითად, Mersin Youth Symphony-ს კონკურსი, რომლის სამგზის გამარჯვებული ვარ. წარმატებული იყო ჩემი გამოსვლა გერმანიისა და იაპონიის საერთაშორისო კონკურსებზე. ვარ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012-2016 წლების სტიპენდიანტი. ორკესტრებთან ერთად კონცერტებით გამოვდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში.
ქეთი ტიღაშვილი
© Courtesy by Keti Tigashvili
- ამ წარმატებებს წინ უძღოდა ბავშვობა, რომელიც, შეიძლება ითქვას, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაატარეთ...
- მართლაც ასეა, მე და ჩემმა დამ მთელი ბავშვობა ოპერაში გავატარეთ. დედაჩემი ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი იყო, მამა კი კონტრაბასისტად მუშაობდა. ამიტომ იქ რეპეტიციაზე ან სპექტაკლზე ყოფნა ხშირად გვიწევდა. მას შემდეგ ოპერას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა მუსიკოსია, მუსიკის კულტურა უფრო ბებიამ დაამკვიდრა. ის კლასიკური მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, საერთოდ ხელოვნების დიდი მოყვარული იყო. რუსული ენის ფილოლოგი გახლდათ და უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბებიას ძალიან უნდოდა, რომ ევროპაში წავსულიყავი და იქ მესწავლა. სამწუხაროდ, ჩემ წარმატებებს ვერ მოესწრო.
ქეთი ტიღაშვილი
© Courtesy by Keti Tigashvili
- როგორც ვიცი, თავიდან ფორტეპიანოზე უკრავდით, ჰობოიზე როდის და რატომ გადაინაცვლეთ?
- როცა მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, ვერ ვიტანდი ფორტეპიანოს. მახსოვს, სულ ძალით მამეცადინებდნენ. 11 წლის ასაკში მე და დედაჩემი საცხოვრებლად თურქეთში გადავედით. დედა მერსინის ოპერისა და თეატრის კონცერტმაისტერია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კონსერვატორიაში არ ჰყავდათ ფორტეპიანოს კარგი მასწავლებელი, მე გამოვიყენე ეს მომენტი და ვთქვი, ფორტეპიანოზე აღარ დავუკრავ–მეთქი. ყოველთვის ჩელოზე მინდოდა დაკვრა, მაგრამ დედაჩემს არ სურდა, რომ ოჯახში ვინმეს სიმებიან საკრავზე დაეკრა, ამიტომ მითხრა, მოდი, რომელიმე ჩასაბერი ინსტრუმენტი აირჩიეო და მეც ჰობოი ავირჩიე.
ქეთი ტიღაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი
© Courtesy by Keti Tigashvili
- თქვენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ვინ იზრუნა?
- პროფესორი დავით ჭუმბურიძე და კამერული მუსიკის მასწავლებელი გია ქსოვრელი – ამ ორმა ადამიანმა ჩამომიყალიბა მუსიკალური გემოვნება, მათ გამიღრმავეს განათლება, პროფესიული ხედვები და დამანახეს, რომ მუსიკასთან ერთად ცხოვრებას უფრო ბევრი და ლამაზი ფერი აქვს. ერთი წელი პარიზში ერასმუსის პროგრამით ვიყავი ჩამოსული უნიკალურ მუსიკოსთან, პროფესორ ოლივიე დუაზთან. მიუნხენში ხუთი წელია უდიდეს მუსიკოსთან, პროფესორ ფრანსუა ლელუსთან ვსწავლობდი. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ დიდ მუსიკოსებთან მუშაობის საშუალება მომეცა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი და ზურაბ გვანცელაძეებს, რომლებიც არასდროს იზარებენ ჩემ დახმარებას და პროფესიულ და მეგობრულ რჩევებს არ მაკლებენ.
ქეთი ტიღაშვილი
© Courtesy by Keti Tigashvili
- რომელი იყო ორკესტრი, რომელშიც პირველად დაუკარით?
- პირველად თურქეთში ახალგაზრდულ ორკესტრში დავუკარი. 16 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში დავიწყე მუშაობა. ოთხი წელი ვიმუშავე პირველი ჰობოის პოზიციაზე. ევროპაში ბევრ ორკესტრში ვუკრავ, იმიტომ რომ ეს ჩემი შემოსავალია. ორკესტრებიდან, L`orchestra Philharmonique de Radio France-ის ჩათვლით ყველანაირ ორკესტრში ვუკრავ. ხშირად ინგოლშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრთან ერთად გამოვდივარ. ყველა ორკესტრს თავისი ხიბლი აქვს და ყველგან რაღაცას სწავლობ.
- ქართულ მონატრებას როგორ უმკლავდებით?
- ხშირად ქართული ნახევრადტკბილი ღვინო მენატრება, მეგობრები და ოჯახის წევრები. კიდევ თბილისი მენატრება და ქართული სამზარეულო. რადგან ამ საუკუნეში უკვე ყველაფრის ყიდვა შეიძლება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ამიტომ ქართულ კერძებსაც მივირთმევ, როცა მინდა და ქართულ ღვინოსაც ვპოულობ.
- მუსიკის გარდა რა გიყვართ?
- მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვხატავ, ხატვა მიყვარს, ასევე კითხვა და წერა, მუზეუმებში სიარული, ახალი ქვეყნების და კულტურების შესწავლა, სპორტი, კერძების კეთება, კარგი ღვინის დაგემოვნება და მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. კიდევ ცეკვა და პროექტების ორგანიზება. იმდენი ამბავი გადამხდა თავს, ჩამოთვლა რომ დავიწყო, ალბათ სამი დღე მომიწევს წერა...
ნინო მამულაშვილი