თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ვირუსის სეზონი დასრულდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„ეს კვირა გამორჩეულია. პირველად ბოლო 6 თვის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა. იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ცირკულირებს ორი ვირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და არა ფილტვების ანთებას, და არ გამოირჩევა დაავადების სიმძიმით. ესენია რინოვირუსი და ადენოვირუსი.
რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა სახლის პირობებში მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებულია რინოვირუსი (ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე მეტი).
რაც შეეხება COVID-19-ს, მისი შემთხვევები ქვეყანაში ფიქსირდება. ჩხაიძის თქმით, სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, კორონავირუსი სეზონური არ არის და მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. სეზონიდან სეზონამდე მხოლოდ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა იცვლება.
მაგალითად, ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევებიდან 2,5% მოდის კორონავირუსზე, დეკემბერ-იანვარში კი ეს მაჩვენებელი 25%-დან 35%-მდე მერყეობდა.
რაც შეეხება გაზაფხულისა და ზაფხულის ვირუსებს, საქართველოში ექიმები რინოვირუსების, ადენოვირუსების, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის და მეტაპნევმოვირუსის ცირკულაციას ელოდებიან.