თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული 7 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი არ ასრულებდა.
საერთო ჯამში ბრალდებულმა თაღლითურად მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი 23,9 ათასი აშშ დოლარი და 2,6 ათასი ევრო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.