ყიდულობს თუ არა სააკაშვილის ოჯახი საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის ჯილდოებს?

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. გამორიცხული არ არის, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მის ჯილდოში თანხა გადაიხადა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
12 აპრილს საქართველოს მსჯავრდებულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა – თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. ამის შესახებ ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. ვარშავაში დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეული არიან დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი პოლონეთის მთავრობა.

„ცოტა უცნაურად მეჩვენება, თუ ამ ტიპის ჯილდოა მოსალოდნელი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს. ეს ჯილდოები შეიძლება ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა", – განაცხადა სეფაშვილმა.

მარტის ბოლოს სააკაშვილი ნორვეგიელი პოლიტიკოსის სიურ ლინდებრეკეს (ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებელი) სახელობის პრემიით დაჯილდოვდა – ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისათვის. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდერსენი დაიბარეს.
მანამდე კი საქართველოში ნორვეგიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი. სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში მოხვდა, სადაც წამების მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა.
ელჩი: სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა ნორვეგიის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს>>>
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დარგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა. უფრო მეტიც, მან ექს-პრეზიდენტი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შეადარა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.