თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა შესაძლოა აშშ-ის, დასავლეთისა და უკრაინის სერიოზული უთანხმოებით იყოს პროვოცირებული, რომელიც დღითი დღე იზრდება, განუცხადეს Global Times-ს ანონიმმა ჩინელმა ექსპერტებმა.
გამოცემის წყაროების თქმით, ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ვაშინგტონი არის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი უკრაინის კრიზისში ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში“.
ამასთან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დაზვერვის ერთ-ერთი ჩინელი ექსპერტის აზრით, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან რუსეთი ვერ იდგება, ვინაიდან ეს მისთვის ხელსაყრელი არ არის.
„წყაროს თქმით, რუსეთს რომ ეს საიდუმლო მასალები მიეღო, ინტერნეტით არ გაავრცელებდა მათ. ამით რუსული სპეცსამსახურები ამ დოკუმენტების მიმწოდებელ წყაროს ან წყაროებს დაკარგავდნენ. რუსეთს არ აქვს მიზეზი აცნობოს მოწინააღმდეგეს, რომ სადაზვერვო მონაცემები ჩაუვარდა ხელთ, ვინაიდან ეს აიძულებს მოწინააღმდეგეს, შეცვალოს გეგმები, რითაც ძლივს მოპოვებული სამხედრო სადაზვერვო მონაცემები გამოუსადეგარი გახდება“, — წერს გამოცემა.
ჩინელი ექსპერტების დასკვნით, მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა გაჟონილი მასალების შინაარსი, ამ ფაქტმა კიევს მაინც მიაყენა ზიანი.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დოკუმენტები გამოგონილ ინფორმაციას შეიცავს, ის მაინც აქვეითებს უკრაინელი მეომრების საბრძოლო სულს და დასავლეთის ქვეყნების რწმენას, რომ მოსკოვზე გამარჯვებისთვის კიევის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ“, — მიაჩნიათ მათ.
ამასთან, წყაროების აზრით, „უკრაინელი მაღალჩინოსნების რეაქცია აჩვენებს, რომ კიევი ნერვიულობს, ხოლო აშშ-ის გამოძიება ადასტურებს, რომ ინციდენტი ძალიან სერიოზულია“.
ანონიმი წყაროების ვარაუდით, გაჟონვას შესაძლოა აშშ-ის იმ პოლიტიკურმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომლებიც ვაშინგტონისგან კიევის მხარდაჭერის გეგმის შეცვლას მოითხოვენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა საიდუმლო მასალების გაჟონვის წყაროს ძებნა დაიწყო. The New York Times-მა მომხდარს რუსული დაზვერვის ყველაზე დიდი წარმატება უწოდა სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან. როგორც CNN წერს წყაროებზე დაყრდნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გაჟონვამ ცხადყო, რომ აშშ თვალყურს ადევნებს როგორც მტრებს, ისე თავის მოკავშირეებს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო ურთიერთობებს.
წყარო: Global Times