„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე

ღარიბაშვილის თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მანამდე კითხვები არ სმენია, ამიტომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამწუხარო და გაუგებარი უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში ნებისმიერი ფორმით ჩარევა მიუღებელია.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.

„არა მარტო მე, არამედ ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნახავს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თან ერთვოდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება წარმოშობს უზარმაზარი კითხვის ნიშანს. სამწუხარო და გაუგებარია... ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარტნიორებთან ამ საკითხზე საუბარი შედგება და იმედი გამოთქვა, რომ არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი.
„ეს ჩემთვისაც და ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. არ მომისმენია, რომ რაღაც კითხვები არსებობდა... ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ განცხადება, რაც აღქმას შექმნის იმისა, რომ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ხდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ვიზა არ არის მთავარი“ - შენგელია რეპუტაციის აღდგენას აშშ-ის სასამართლოს გზით გეგმავს>>>
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასამართლოების დამოუკიდებლობა გააძლიეროს.
„ყველა ქვეყანაში ეს ერთგვარი ტაბუა, რომ შეუძლებელია, მიუღებელია, უკანონოა მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ, როგორც მთავრობა, მივყვებით ამ პოლიტიკას და, რა თქმა უნდა, უფრო მეტად განვამტკიცებთ და გავაძლიერებთ ამ პოლიტიკას. ეს არის ჩვენი საერთო სურვილი – გვქონდეს კიდევ უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო“, – აღნიშნა მან.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო შეზღუდვების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.