თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა ულტრამდიდარი ადამიანების რაოდენობით, იუწყება Forbes, რომელიც რეიტინგის ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის ქალაქი 101 მილიარდერის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია.
„დიდი ვაშლი“ ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში იყო მილიარდერების მთავარი საცხოვრებელი ცენტრი, სანამ ეს ადგილი პეკინმა არ დაიკავა 2021 წელს. თუმცა პეკინის ბატონობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ნიუ-იორკმა 2022 წელს დაიბრუნა პირველი ადგილი და წელსაც შეინარჩუნა იგი“, — წერს Forbes.
ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკელი ულტრამდიდრების საერთო ქონება ჯამში 616,8 მილიარდი დოლარია. მათ შორის ყველაზე მდიდარია მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებაც 94,5 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ჰონკონგი — 70 მილიარდერით, რომელთა ჯამური კაპიტალი 286,8 მილიარდი დოლარია. მათგან უმდიდრესია ლი შაუ კი, რომლის წილადაც 29,5 მლრდ დოლარი მოდის.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ის წელს პეკინმა დაიკავა 68 მილიარდერით. გასულ წელთან შედარებით ქალაქს 15 სუპერმდიდარი ადამიანი გამოაკლდა. დანარჩენების საერთო ქონება 247,2 მილიარდია. მათგან უმდიდრესია ჟან იმი — 45 მლრდ დოლარის ქონებით.
რეიტინგის შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა:
შანხაი — 65 მილიარდერი. უმდიდრესია კოლინ ჟე ხუანი;
ლონდონი — 63 მილიარდერი. უმდიდრესია ლენ ბლავატნიკი;
მოსკოვი — 61 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +8). უმდიდრესია ვლადიმირ პოტანინი;
მუმბაი — 56 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +5). უმდიდრესია მუკეშ ამბანი;
შენჩჟენი (ჩინეთი) — 54 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით -5). უმდიდრესია მა ხუატენი;
სინგაპური — 46 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +10). უმდიდრესია გო ჩენ ლიანი;
დელი — 37 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +2). უმდიდრესია შივ ნადარი.
სან-ფრანცისკო — 37 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით -7). უმდიდრესია ბრაიან ჩესკი.
ამასთან Forbes აღნიშნავს, რომ გამოცემამ 2023 წლის რეიტინგში შესული 2640 მილიარდერიდან 68-ის მუდმივი საცხოვრებლის დადგენა ვერ მოახერხა.
წყარო: Forbes