მსოფლიო დღეს

„სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული“: BBC „ტვიტერიდან“ მარკირების მოხსნას ითხოვს

Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბრიტანული ტელე-რადიომაუწყებელი BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს Twitter-თან, რათა სოციალურ ქსელში მის აკაუნტს მოუხსნას მარკირება „სახელმწიფოს მიერ ფინანსირებული მედია“, იუწყება ტელეარხი CNN.
საუბარია BBC-ს აკაუნტზე, რომელსაც 2,2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ამასთან ასეთი მარკირება არ აქვს ტელეკომპანიის სხვა ისეთ აკაუნტებს, როგორებიცაა: BBC News (World) — 39,7 მილიონი ხელმომწერით, და BBC Breaking News — 51,6 მილიონი ხელმომწერით.
როგორც ბრიტანული ტელეკომპანია აღნიშნავს, ის ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მას აფინანსებს არა მთავრობა, არამედ ადგილობრივი საზოგადოება.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Twitter-თან, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ. BBC ყოველთვის იყო დამოუკიდებელი. ჩვენ გვაფინანსებს ბრიტანული საზოგადოება სალიცენზიო მოსაკრებლის ხარჯზე“, — განმარტავს ტელეკომპანია.

პირველად მსგავსი მარკირება „ტვიტერზე“ 2020 წელს გაჩნდა. კომპანიის გადაწყვეტილება, მონიშნოს ესა თუ ის აკაუნტი „სახელმწიფოს მიერ მართულად“, დამოკიდებულია იმაზე, „ახორციელებს თუ არა სახელმწიფო კონტროლს სარედაქციო კონტენტზე ფინანსური რესურსების მეშვეობით, პირდაპირი ან ირიბი პოლიტიკური ზეწოლითა თუ კონტროლით“.
ამასთან მარტში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო BBC-ს ერთჯერადად, რათა ინგლისურენოვანი მაუწყებლობისთვის დაეჭირა მხარი დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად. როგორც საგარეო უწყებაში განმარტეს, ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიიღო.
ამ დროისათვის Twitter-ზე მარკირება „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია“ აქვს ამერიკულ რადიო NPR-ს, რუსულ RT-სა და Sputnik-ს, ჩინურ „სინჰუას“, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნების, ელჩებისა და დიპლომატიური ლიდერების აკაუნტებს.
წყარო: CNN