თბილისი, 10აპრილი — Sputnik. საქართველო აშშ-სგან მოითხოვს წესებით მოქმედებას და მტკიცებულებების წარმოდგენას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
ვისაც არ ეზარება – ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით – საქართველოს გამოცდას უწყობენ, განაცხადა წულუკიანმა და ამის ერთ-ერთ მაგალითად 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის უარი დაასახელა.
„გამოცდაა ასევე, როდესაც შენ ჩვენს ქვეყანას ეუბნები: „შენ არავინ და არაფერს გეკითხება, შენი მოსამართლე შემიძლია დავსაჯო ისე, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე". ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს, ვითხოვთ წესებით მოქმედებას, ვითხოვთ თანასწორუფლებიანობას", – განაცხადა წულუკიანმა.
სწორედ ეს იყო ქართველების მთავარი მიზანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე, მიუხედავად იმისა, ვინ იყო მათი პარტნიორი, მეგობარი თუ მოკავშირე, აღნიშნა მინისტრმა.
„ეს არის დღეს ჩვენი მოთხოვნა", – აღნიშნა წულუკიანმა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო შეზღუდვების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.