თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
9 აპრილს ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ. წელსაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან და ყვავილები მიიტანა. პირველი პირების გარდა, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უცხოელმა დიპლომატებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მივიდნენ ის ადამიანებიც, ვინ 34 წლის წინ მომხდარი მოვლენების უშუალო მონაწილე იყო.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. გარდა ამისა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ტარდება.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.