მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე - „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე

მტკიცებულების გარეშე ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქართველი მოსამართლეებისათვის მტკიცებულებების გარეშე კორუფციის გამო შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარის თქმა მიუღებელია, აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
„თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, როგორც დღეს არის და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი... ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები აშშ-თან ურთიერთობას აზარალებს.
„საჭიროა მტკიცებულებები, გარკვეული დოკუმენტაცია, რაზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდი იქნება და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გადაწყვეტილებები ამ ურთიერთობებს დააზიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.