თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ნეაპოლში დაიბადა ბიჭი, რომლის მშობლებმა ბავშვს ხვიჩა დაარქვეს - საქართველოს ნაკრებისა და ადგილობრივი კლუბ „ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად, ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
სპორტული გამოცემების ცნობით, ბიჭი 31 მარტს დაიბადა. მას დაარქვეს დანიელე ხვიჩა. ბავშვის მამის სახელია არმანდო -არგენტინისა და ნაპოლის ლეგენდარული თავდამსხმელის, დიეგო არმანდო მარადონას სახელი.
დანიელ ხვიჩას მშობლები, არმანდო და კლარა, „ნაპოლის“ თავგადაკლული ქომაგები არიან.
„ეს სიმართლეა. ჩვენ მას დანიელე ხვიჩა დავარქვით. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ გარშემო მოხდა", - ამბობს ბავშვის მამა.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა - აგვისტოში, თებერვალში და მარტში. ხოლო „ატალანტასთან“ მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.